აღდგომისშემდგომი პირველი კვირა
20 April – 26 April
გაზაფხული - აღდგომის განწყობა
როცა სამყაროს სივრცეებიდან
მზე გრძნობად აღქმებს ესაუბრება
და სიხარული სამშვინველის სიღრმეებიდან
ერწყმის ნათელს ჭვრეტისას,
მაშინ მეობის გარსიდან
აზრები მიისწრაფვიან სივრცეთ შორეთში
და ყრუდ უკავშირებენ
ადამიანის არსებას სულის ყოფიერებას.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-2 კვირა
27 April – 03 May
გრძნობათა გარეგან სამყაროში
აზრის ძალას ეკარგება თვითარსებობა,
სულიერი სამყაროები
კვლავ ჰპოვებენ ადამიანის აღმონაცენს,
რომელმაც თავისი ჩანასახი მათში,
ხოლო მშვინვიერი ნაყოფი
თავის თავში უნდა ჰპოვოს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-3 კვირა
04 May – 10 May
ასე მიმართავს სამყაროს
ადამიანის მზარდი “მე”,
როდესაც იგი თავს ივიწყებს
და წინარემდგომარეობას იხსენებს:
შენში, თავისუფალი
თავკერძოების ბორკილთაგან,
ვიმეცნებ მე ჩემს ნამდვილ არსს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-4 კვირა
11 May – 17 May
ჩემი არსების ვგრძნობ მე არსს –
ამბობს შეგრძნება,
მზით განათებულ სამყაროში იგი
სინათლის ნაკადებს ერწყმის.
მას სურს აზროვნებას
სიცხადესთან ერთად სითბო უბოძოს
და ადამიანი და სამყარო
მჭიდრო ერთობად შეკრას.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-5 კვირა
18 May – 24 May
ნათელში, რომელიც სულის სიღრმეებიდან
სივრცეში ნაყოფიერად ქსოვს
და ღმერთების შემოქმედებას აცხადებს,
ვლინდება სამშვინველის არსი, განვრცობილი
სამყაროს ყოფიერებამდე და აღმდგარი
მეობის ვიწრო შინაგანი იძულებიდან.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-6 კვირა
25 May – 28 May
თავკერძობიდან აღსდგა
ჩემი მეობა და ჰპოვა თავი,
ვით სამყაროთა გამოცხადება
დროისა და სივრცის ძალებში;
სამყარო ყოველგან
ღვთაებრივ წინარეხატად
თავისი ანარეკლის ჭეშმარიტებას გვიცხადებს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-7 კვირა
29 May – 31 May
ამაღლება
ჩემი მე გასხლტომას ლამობს,
სამყაროს ნათლით ძლიერად მიზიდული.
ახლა კი, ჩემო წინათგრძნობავ,
აღიდგინე შენი უფლებანი
და შეენაცვლე ჩემი აზრის ძალას,
რომელსაც გრძნობადის ციაგში
საკუთარი თავის დაკარგვა უნდა.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-8 კვირა
01 June – 08 June
გრძნობათა ძალმოსილება იზრდება
ღმერთების შემოქმედებასთან კავშირში,
აზრის ძალას ის სიზმარეულ ბურუსს ანიჭებს,
როცა ღვთაებრივ არსებას
ჩემს სამშვინველთან სურს შეერთება,
ადამიანის აზროვნებამ
სიზმარეული ყოფიერება უნდა იკმაროს
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-9 კვირა
09 June – 14 June
მავიწყებს რა ჩემი ნების განმხოლოებას,
სამყაროს სითბო ზაფხულის მაცნედ
აღმივსებს მე სულს და სამშვინველს;
სინათლეში თავის დაკარგვას
მაიძულებს ხედვა სულისა,
მესმის უწყება წინათგრძნობისა:
დაჰკარგე თავი, რათა იგი კვლავ მოიპოვო.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-10 კვირა
15 June – 21 June
ზაფხულის სიმაღლეებისაკენ
მიემართება მზის ბრწყინვალე არსება;
ადამიანური გრძნობა თან მიჰყვება
მას სივრცეთშორეთში.
შინაგან არსში იძვრის წინათგრძნობა
და ყრუდ მაუწყებს – ოდესმე შეიცნობ:
ახლა შენ შეგიგრძნო ღვთაებრივმა არსებამ.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-11 კვირა
22 June – 23 June
ამ მზიურ საათს
შენი ვალია ბრძნული უწყების შეცნობა
სამყაროს მშვენიერებას მინდობილმა
საკუთარ თავში გრძნობით განიცადო:
ადამიანის “მე”-ს შეუძლია თავი დაჰკარგოს
და კვლავ ჰპოვოს იგი სამყაროს “მე”-ში.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-12 კვირა
24 June – 28 June
იოანეს განწყობა
სამყაროს ელვარე მშვენიერება
მაიძულებს სამშვინველის სიღრმეებიდან
ჩემი სიცოცხლის ღვთაებრივი ძალები
კოსმიური ფრენისათვის გავხსნა;
დავტოვო თავი,
რათა ნდობით ვეძიო იგი
სამყაროს ნათელსა და სამყაროს სითბოში.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-13 კვირა
29 June – 05 July
როცა გრძნობათა სიმაღლეებს ვერწყმი,
ჩემი სამშვინველის სიღრმეებში
სულის ცეცხლოვანი სამყაროებიდან
ელვარებს ღმერთების სიტყვა:
სულის საფუძველში
ეძიე წინათგრძნობით
შენი ნათესაობა სულთან.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-14 კვირა
06 July – 12 July
ზაფხული
გრძნობად გამოცხადებათა ხიბლმა
დამაკარგვინა საკუთარი არსების სწრაფვა.
აზრის სიზმარი
გონებამიხდილს მეობას მართმევს,
მაგრამ ახლოა გრძნობადობის ელვარებაში
კოსმიური აზროვნების ფხიზელი ძალა.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-15 კვირა
13 July – 19 July
ვგრძნობ მოხიბლული სულის ქსოვას
სამყაროს შუქში,
გრძნობათბურუსში
გახვია მან ჩემი არსება,
ძალას მპირდება,
რომელსაც თვით ვერ მოიპოვებს
თვით შეზღუდული ჩემი მეობა.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-16 კვირა
20 July – 26 July
სულის ნაბოძები ჩემში დავიფარო,
მკაცრად მიბრძანებს ჩემი წინათგრძნობა,
რათა სამშვინველის საფუძვლებში მომწიფებულმა
ღვთიურმა ნიჭმა
მეობის ნაყოფი გამოიღოს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-17 კვირა
27 July – 02 August
ნება მებოძა სამყაროს სიტყვას
გრძნობად კარიბჭით
შევძღოლოდი სამშვინველის წიაღში.
იგი მაუწყებს: აღავსე
შენი სულის სიღრმენი
ჩემი კოსმიური სივრცეებით
რათა ოდესმე მპოვო მე შენში.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-18 კვირა
03 August – 09 August
შემიძლია სამშვინველი ისე განვავრცო,
რომ იგი თვითონ შეუერთდეს
მასში ჩასახულ სამყაროს სიტყვას?
მე ვხვდები, უნდა ვიპოვო ძალა,
სამშვინველი ისე გარდავქმნა,
რომ იგი სულის
ღირსეული სამოსი გახდეს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-19 კვირა
10 August – 16 August
ახლადმიღებული იდუმალად
ცოდნით მოვიცვა,
დაე ეს იყო ჩემი სწრაფვის შემდგომი აზრი.
ჩემს არსებაში მისცეს სიფხიზლე
მან გაზრდილ ძალებს
და ქმნადად მიბოძოს მე ჩემი თავი.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-20 კვირა
17 August – 23 August
ასე ვგრძნობ ახლა ჩემს არსებობას,
რომელიც, – საკუთრივ თავში,
შორს სამყაროთა ყოფიერებისაგან –
თავს დაიშრეტდა, –
და მხოლოდ საკუთარ საფუძველზე მაშენებელი,
საკუთარ თავში, – თავს მოიკლავდა.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 21-ე კვირა
24 August – 30 August
მე ვგრძნობ, უცხო ძალას
როგორ მოაქვს ნაყოფი,
და თვითგაძლიერებული,
გადმომცემს მე ჩემს თავს,
შევიგრძნობ, როგორ მწიფს ჩანასახი,
და წინათგრძნობა, ნათლით მოსილი
ქსოვს ჩემს შინაგანში “მე”-ს ძლიერებას.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 22-ე კვირა
31 August – 06 September
სამყაროს სივრცეთა ნათელი
ძლიერად აგრძელებს სიცოცხლეს
ჩემს შინაგან არსში:
მშვინვიერ ნათლად
აშუქებს იგი სულის სიღრმეში,
რომ შვას ნაყოფნი;
ისინი დროის მდინარებაში
ადამიანის მეობას
სამყაროს მეობიდან ამწიფებენ.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 23-ე კვირა
07 September – 13 September
საშემოდგომოდ იბურება
გრძნობადი აღქმა;
სინათლის გამოცხადებას
ნისლთა ბურუსი ერწყმის;
სივრცეთ შორეთში
შემოდგომის ზამთრის ძილს ვუმზერ;
ზაფხულმა მე თავი მომიძღვნა.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 24-ე კვირა
14 September – 20 September
მუდმივ თვითწარმოქმნაში
განიცდის თავს მშვინვიერი ყოფიერება,
თვით შემეცნებით გაცოცხლებული
სამყაროს სული წინ მიისწრაფვის
და სამშვინველის წყვდიადიდან
ქმნის თვითსაზრისის ნების ნაყოფს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 25-ე კვირა
21 September – 27 September
ახლა შეიძლება თავს ვეკუთვნოდე
და შინაგანი ნათლის სხივები
მოვფინო სივრცის და დროის წყვდიადს.
ძილისკენ მიბიძგებს ბუნებითი არსება,
სამშვინველის სიღრმეებმა უნდა იფხიზლონ
და მზის მხურვალება
ზამთრის ცივ ნაკადებში გადაიტანონ.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 26-ე კვირა
28 September – 04 October
მიქაელის განწყობა
ბუნებავ, შენს დედობრივ არსს
ვატარებ მე ნების წიაღში;
მისი ცეცხლოვანი ძალაუფლება
წვრთნის სულის სწრაფვებს,
რათა შვან თვითგრძნობა
ჩემში ჩემს სატარებლად.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 27-ე კვირა
05 October – 11 October
შემოდგომა
ჩემი არსების სიღრმეებში შევაღწიო –
მომიწოდებს ნატვრა წინათმგრძნობი.
იგი მიბიძგებს თვითდაკვირვებით ვიპოვო თავი,
როგორც ზაფხულის მზის ნიჭი,
ჩასახული შემოდგომაში,
მაცოცხლებელი, სითბოს მომცემი;
ეს არის ჩემი სამშვინველის ძალთმისწრაფება.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 28-ე კვირა
12 October – 18 October
ახალი შინაგანი სიცოცხლე მივიღე –
აწ შემიძლია ჩემი არსების სივრცეთშეგრძნება,
და ძალით აღვსილს, მე შემიძლია
აზრთა სხივები ამხსნელად მოვფინო
სიცოცხლის გამოცანებს,
მივანიჭო აღსრულება ზოგიერთ სურვილს,
რომელთაც იმედი უკვე ფრთებს აკვეცდა.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 29-ე კვირა
19 October – 25 October
აზროვნების ნათელი ჩემში
შინაგანად ძლიერად აღვანთო,
განცდილი აზრიანად განვმარტო
სამყაროს სულის ძალთა წყაროდან,
ეს არის ახლა ჩემთვის
ზაფხულის მემკვიდრეობა,
შემოდგომის სიმშვიდე და ზამთრის იმედი.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 30-ე კვირა
26 October – 01 November
მშვინვიერი მზის ნათელში მწიფს აზრის ნაყოფი
თვითცნობიერების შინაგან რწმენად
გადაიქცევა ჩვენი გრძნობები,
სიხარულით შევიგრძნობ
შემოდგომის სულიერ გამოფხიზლებას:
ზამთარი ჩემში გააღვიძებს მშვინვიერ ზაფხულს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 31-ე კვირა
02 November – 08 November
სინათლე სულიერი სიღრმეებიდან, –
მზესავით გარეთ ისწრაფვის იგი;
იქცევა სიცოცხლის ნების ძალად
და ბრწყინავს გრძნობათბუნდოვანებაში,
რათა გახსნას ძალნი,
რომელნიც მშვინვიერ სწრაფვათაგან
ადამიანის საქმეებში
შემოქმედებით ძლიერებას ამწიფებენ.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 32-ე კვირა
09 November – 15 November
მე ვგრძნობ, როგორ მოაქვს ნაყოფი ჩემს ძალას,
და გაძლიერებულს, გადამცემს სამყაროს;
ვგრძნობ ჩემს საკუთარ არსებას გაღონივრებულს,
იგი მიიქცევა სიცხადის მიმართ
ცხოვრების – ბედისწერის – ქსოვაში.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 33-ე კვირა
16 November – 22 November
ამგვარად შევიგრძნობ ახლა მე სამყაროს,
რომელიც, ჩემი სამშვინველის თანაგანცდის გარეშე,
თავის და თავად
ცივი და ცარიელი იქნებოდა;
და ძალის გარეშე გაცხადებული,
სამშვინველებში კვლავწარმოქმნისას,
საკუთარ თავში მხოლოდ სიკვდილს აღმოაჩენდა.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 34-ე კვირა
23 November – 29 November
ძველთაგან იდუმალად დაცულმა
აღიდგინა თვითარსებობა,
ვგრძნობ მის სიცოცხლეს ჩემს არსებაში
სამყაროს ძალები გამაფხიზლებლად
მან ჩემი ცხოვრების საქმეს უნდა შეურწყას
და ქმნადად აღმბეჭდოს ყოფიერებაში.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 35-ე კვირა
30 November – 06 December
შემიძლია შევიცნო ყოფიერება,
რათა, მან თავი კვლავ მოიპოვოს
შემოქმედებით მშვინვიერ სწრაფვაში?
ვგრძნობ, რომ მომეცა ძალმოსილება,
საკუთარი მეობა სამყაროს მეობას
თავმდაბლად შევუერთო როგორც მისი წევრი.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 36-ე კვირა
07 December – 13 December
ჩემი არსების სიღრმეებში მეტყველებს
და გაცხადებისაკენ ისწრაფვის
იდუმლად სამყაროს სიტყვა:
აღავსე შენი შრომის მიზნები
ჩემი სულიერი ნათლით,
რათა მსხვერპლად გაიღო
თავი შენი ჩემი მეშვეობით.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 37-ე კვირა
14 December – 24 December
ზამთარი
სამყაროს ზამთრის ღამეში
სულიერი ნათლის შეტანას
ელტვის ნეტარად გულის მისწრაფება,
მისი მიზანია: სამშვინველის ჩანასახებმა
ფესვი გაიდგან სამყაროს წიაღში
და ღმერთის სიტყვამ გრძნობად წყვდიადში
ყოველი არსი ფერისმცვალებელ ჟღერით აღავსოს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 38-ე კვირა
25 December – 27 December
შობის განწყობა
მე ვგრძნობ სულის ყრმას,
მშვინვიერ წიაღში, განჯადოებულს:
სამყაროს წმინდა სიტყვამ
გულის ნათელში
იმედის ციური ნაყოფი დაჰბადა;
სამყაროს სივრცეებში იგი ლხენით იზრდება
ჩემი არსების ღვთიური საფუძვლიდან.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
Ich fühle wie entzaubert
Das Geisteskind im Seelenschoß,
Es hat1 in Herzenshelligkeit
Gezeugt das heil’ge Weltenwort
Der Hoffnung Himmelsfrucht,
Die jubelnd wächst in Weltenfernen
Aus meines Wesens Gottesgrund.
1. 1918 წელს რუდოლფ შტაინერმა სამშვინველის კალენდრის ევრითმიული ფორმების გამოსაცემად მზადებისას საშობაო საკითხავში 1912 წლის ვარიანტში არსებული «hat …gezeugt»(დაჰბადა) შეცვალა «ist…gezeugt»-ით(იბადება). აღნიშნული ცვლილება დორნახის გამოცემებში მხოლოდ 90-იანი წლების შემდგომ არის გათვალისწინებული. ქართულ გამოცემაში როგორც ჩანს პირვანდელი ვარიანტია. შენიშვნა დავურთე რუსული გამოცემების საფუძველზე.
რამდენიმე შესწორებას შევიტანდი: 1. პირველ სტრიქონში განჯადოება მიმართულია მე-ს მთქმელისკენ. 2, gezeugt ნიშნავს არა დაბადებას, არამედ ჩასახვას, ist gezeugt- სა და hat gezeugt – ს ს შორის სხვაობაა არა დროში, არამედ პირში ანუ hat gezeugt- ჩასახა, ist gezeugt- ჩაისახა. ანუ პირველად ვარიანტში ამოიკითხებოდა, რომ წმინდა სიტყვამ სამყაროსისამ გულის ნათელში ჩასახა იმედის ციური ნაყოფი, გვიანდელ ვარიანტში კი ისეა, რომ გულის ნათელში ჩაისახა წმინდა სიტყვა სამყაროსი ანუ იმედის ციური ნაყოფი. შინაარსობრივად გვიანდელი ვარიანტი მართლაც უკეთესი მგონია. ამრიგად ჩემი თარგმანი:
თითქოს მომეხსნა ჯადო და აწ ვგრძნობ
ყრმას სულისას მშვინვიერ კალთაში.
გულის ნათელში ჩაისახა
სამყაროს წმინდა სიტყვა,
იმედის ზეციური ნაყოფი,
რომელიც ლხენით იზრდება სამყაროს სივრცეებში
ჩემი არსების ღვთიური საფუძველიდან.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 39-ე კვირა
28 December – 31 December
სულის გამოცხადებას მინდობილი,
მოვიპოვებ სამყაროს ნათელს.
აზრის ძალა იზრდება,
იძენს სიცხადეს და ჩემს თავს მაძლევს;
მაფხიზლებელი თვითშეგრძნება წარმოიშვება
აზრის ძალიდან.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი მე-40 კვირა
01 January – 05 January
და ოდენ სულის სიღრმეებში ვარ,
სიყვარულის სფეროებიდან
თავკერძობათა სიცარიელე
აღივსება სამშვინველის წიაღში
სამყაროს სიტყვის ცეცხლოვან ძალით.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 41-ე კვირა
06 January – 10 January
ნათლისღება
მშვინვიერი შემოქმედი ძალა
ისწრაფვის გულის წიაღიდან,
ადამიანის ცხოვრებაში ღვთიური ძალები
მან სწორი ქმედებისთვის უნდა აღანთოს
თვით შესაქმნელად
კაცთმოყვარეობასა და კაცთსაქმეებში.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 42-ე კვირა
11 January – 17 January
ამ ზამთრის ბნელში
სამშვინველის ძალის გამოცხადებაა
ძლიერი ლტოლვა –
წყვდიადში წარმართოს თავისი ძალა
და გულის სითბოთი წინასწარ შეიგრძნოს
გრძნობადი გამოცხადება.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 43-ე კვირა
18 January – 31 January
ზამთრის სიღრმეებში
თბება სულის ჭეშმარიტი ყოფიერება;
ილუზორულ სამყაროს
გულის ძალით არსებობის ძალნი ეძლევა;
გაძლიერებული, ეურჩება სამყაროს ყინვას
მშვინვიერი ცეცხლი ადამიანის არსში.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 44-ე კვირა
01 February – 07 February
სამშვინველის სიცხადემ
აღქმის უნარი გაიფართოვა,
მას ახსოვს სულის დაბადება
და აღავსებს სამყაროს ქმნადობას,
ქაოტურსა და დამაბნეველს,
ჩემი აზროვნების შემოქმედებითი ნებით.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 45-ე კვირა
08 February – 14 February
აზროვნების ძალა მტკიცდება
სულის დაბადებასთან კავშირში,
ნათელს ჰფენს გრძნობად აღქმათა ბურუსს
და სრულ სიცხადეს ანიჭებს მათ.
თუ სამშვინველის სავსებას
სამყაროს ქმნადობასთან სურს შეერთება,
გრძნობადმა გამოცხადებამ
აზროვნების ნათელი უნდა მიიღოს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 46-ე კვირა
15 February – 21 February
სამყარო გაოგნებით ემუქრება
მხოლოდშობილ მშვინვიერ ძალას;
მაშ ამოდი, ხსოვნავ, შუქის მომფენად
სულის სიღრმიდან,
გამიძლიერე ხედვა,
რომელსაც თავის შენარჩუნება
ნებითღა ძალუძს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 47-ე კვირა
22 February – 28 February
სამყაროს წიაღიდან აღდგომას ესწრაფვის
ქმნადობის ხალისი გრძნობათმაამებლად,
მას ჩემი აზროვნების ძალა
ღვთაებრივი ძალებით აღჭურვილი უნდა დაუხვდეს
ისინი ძლიერად ცოცხლობენ ჩემში.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 48-ე კვირა
01 March – 07 March
სამყაროს სიმაღლეებიდან
სამშვინველში ჩაღვრილ ნათელში
გამოცხადდი მშვინვიერ გამოცანათა ამხსნელად,
კოსმიური აზროვნების სიმტკიცევ,
შეკრიბე მის სხივთა ძალა
და გააღვიძე ადამიანთა გულებში სიყვარული.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 49-ე კვირა
08 March – 14 March
მე ვგრძნობ სამყაროს ყოფიერების ძალას:
ასე ამბობს აზრის სიცხადე,
იხსენებს რა თავისი სულის ზრდას
სამყაროს უკუნეთ ღამეებში.
მოახლოვებულ სამყაროს დღეს იგი
შინაგანი იმედის სხივებს მიაპყრობს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 50-ე კვირა
15 March – 21 March
ამას ეუბნება ადამიანის მეს
კოსმიური ქმნადობის ხალისი,
ძლიერად გაცხადებული
და მის ძალთ დამხსნელი:
შენში გადმომაქვს ჩემი ცხოვრება
ჯადოსნური განსახლებიდან,
და ამით ვაღწევ ჭეშმარიტ მიზანს.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 51-ე კვირა
22 March – 28 March
ადამიანის შინაგან არსში
იღვრება გრძნობად აღქმათა განძი,
სამყაროს სული თავს ჰპოვებს
ადამიანის თვალის სარკეში,
რომელმაც ძალა
ხელახლა უნდა წარმოქმნას მისგან.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი
აღდგომისშემდგომი 52-ე კვირა
29 March – 04 April
ბზობის კვირა
ოდეს მშვინვიერ სიღრმეთაგან
სული სამყაროს ყოფიერებისაკენ შემოუბრუნდება
და მშვენიერება სივრცეებიდან მოედინება
მაშინ ცის შორეთიდან
სიცოცხლის ძალა სხეულში სემოდის
და ძლიერად უერთებს
სულის არსებას ადამიანის ყოფიერებას.
მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი






















































