თეოსოფიის მზარდი მნიშვნელობა აწმყოსა და მომავლის ადამიანებისთვის ნათელი მხოლოდ ნელ-ნელა და თანდათანობით გახდება. ეს მოხდება მაშინ, როცა შევძლებთ ღრმად ჩავწვდეთ იმ საგნების გაგებას, რომლებიც, მართალია, მინიშნებულია რელიგიურ და ოკულტურ ტექსტებში, მაგრამ, როგორც წესი, არასაკმარისად ღრმად აღიქმება. ასეთ რელიგიურ და ოკულტურ ტექსტებში შეიძლება მივუთითოთ ათასობით და ათასობით პასაჟი, რომელთა სიღრმე სათანადოდ არ არის აღიარებული, რადგან ადამიანები მათ მხოლოდ ზედაპირულად აღიქვამენ. დღეს მხოლოდ ერთ, უაღრესად მნიშვნელოვან ადგილზე მინდა მივუთითო სახარებაში: “თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ.”1

როგორც წესი, ასეთი მონაკვეთის უსასრულოდ ღრმა მნიშვნელობაზე არც კი ფიქრობენ. რას ნიშნავს ეს და სად არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი იგავები, რომლებზეც ქრისტე თავის მოწაფეებს ესაუბრება? ეს უმნიშვნელოვანესი იგავები ისაა, რასაც ჩვენ იგავებად არც კი აღვიქვამთ.

ადამიანი რეალობად, არსებულ ფაქტად მიიჩნევს იმას, რასაც ფიზიკურ სიბრტყეში, მის გვერდით, მინერალურ, მცენარეულ თუ ცხოველთა სამყაროში ხედავს. ის ხედავს ამა თუ იმ ცხოველს, ამა თუ იმ მცენარეს და წარმოუდგენია, რომ ეს ის საგნებია, რომლებიც რეალურად არსებობს. ის ხედავს პროცესებს ჰაერსა და წყალში და წარმოუდგენია, რომ ეს რეალური პროცესებია. ეს ასე არაა. რადგან ყველა ეს პროცესი ბუნების სამყაროში ჩვენ გარშემო, ყველაფერი, რაც ხდება ჰაერსა და წყალში, სხვა არაფერია, თუ არა სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესები, რომლებიც ფიზიკურ სამყაროში მომხდარი მოვლენებით ცხადდება. ეს სულიერი პროცესების გამოვლინებაა. ისინი წარმოადგენენ ჭეშმარიტ რეალობას. არაფერია რეალური, გარდა სულიერი სამყაროსი, და მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ შევძლებთ ყველა საგანსა და პროცესში სულიერის ამოცნობას, მხოლოდ მაშინ შევიცნობთ ჭეშმარიტ რეალობას. ფიზიკურ სამყაროში ყველაფერს მხოლოდ იგავის ღირებულება აქვს იმისთვის, რაც მის უკან დგას – სულიერი სამყაროსთვის. უნდა ვისწავლოთ, რომ იგავებად აღვიქვათ ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში მიმდინარე ყველა პროცესი, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც ადამიანთა სამყაროში ვხედავთ, რაც შთაბეჭდილებას ახდენს გონებაზე, ინტელექტზე. ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა იგავები, და მხოლოდ ის, ვინც ისწავლის მათ განმარტებას, მიეახლება რეალობას, ჭეშმარიტებას.

ასე დადიან ადამიანები ამ სამყაროში, უყურებენ მოვლენებს და არ იციან, რომ ეს მხოლოდ იგავებია. თავად ბუნება ელაპარაკება ადამიანს იგავებით; რეალობაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იწყება, როცა სულზეა საუბარი — იმ სურათებში, რომლებიც ბუნებიდანაა აღებული, იესო ქრისტე თავის მოწაფეებს სულს მიკუთვნებულ პროცესებს უხსნის. ის საუბრობს თესლის მარცვალზე, რომელიც ითესება და სხვადასხვა ხვედრს განიცდის. ეს შეიძლება მხოლოდ იგავი იყოს, რადგან ბუნებაში საგნები თავად წარმოადგენენ იგავებს. მაგრამ როდესაც ის თავის მოწაფეებს უხსნის, რომ ის ერთიანია ყოველივე ყოფიერის სულიერ ბუნებასთან, რომ მას სიკვდილის გავლა მოუწევს, რომ ის, რაც მასში ცოცხლობს და რაც სიკვდილში უნდა ჩაინერგოს, რათა შემდეგ აღდგეს, როგორც ადამიანთა სამშვინველებისა და გულების ძალა, რომელიც მან ამ სიკვდილის მეშვეობით უნდა მისცეს ყველა ადამიანს, — მაშინ ის საუბრობს რეალობაზე, რადგან მაშინ ის სულზე და იმაზე საუბრობს, რაც ამ სულის მეშვეობით ხდება. ამიტომაც ეს მხოლოდ მაშინაა ჭეშმარიტი შემეცნება, როცა ადამიანი თანდათანობით აღწევს სამყაროს საიდუმლოებებში ისე, რომ იმას რაც მას გარეთ ხვდება, შეიმეცნებს როგორც იგავებს სულიერი პროცესებისთვის. სინამდვილეში, ადამიანის სამშვინველი ნამდვილად მხოლოდ მაშინ გამდიდრდება ნაყოფიერად, როდესაც ის შეძლებს გარე სამყაროს მიმართ ამგვარი თვალსაზრისი იპოვნოს.

როდესაც ეს გარე სამყარო თანდათან მის წინაშე სულით გამსჭვალული წარმოსდგება, ადამიანი მასში ცხოვრობს სხვაგვარად, ვიდრე მანამდე, ის მის რიტმებში ყველგან სულის კვალს პოულობს. ჩვენ ჩვენში ვხედავთ მუდმივად განმეორებად რიტმულ მოვლენას: დაძინებას და გაღვიძებას. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანს ოცდაოთხი საათის განმავლობაში უნდა გაუმეორდეს ნორმალური დღის ცნობიერების ეს გაბრწყინება და ძილის მდგომარეობაში ისევ დაბნელება. თუკი ჩვენ ახლა დავსვამთ კითხვას, თუ რა შეიძლება შევადაროთ ამ რიტმულ ცვლილებას ადამიანის ძილსა და ღვიძილს შორის დიდ გარე სამყაროში, ალბათ ბევრს მოაგონდება რიტმული ცვლილება მცენარეთა სამყაროში, მცენარეთა ზრდა გაზაფხულზე და მათი ჭკნობა შემოდგომაზე. ადამიანი გაზაფხულზე ხედავს, თუ როგორ იზრდება და ხარობს მცენარეები ზაფხულის შუა პერიოდამდე, შემოდგომაზე კი ხედავს ნაყოფის მომწიფებას მზის ძალის მეშვეობით, რომელიც გაზაფხულსა და ზაფხულში დედამიწაზე დაიღვრება. შემდეგ, ზამთარში, ყველაფერი თითქოს ქრება, რათა გაზაფხულზე კვლავ აღმოცენდეს. ადამიანი შესაძლოა თავის დილის გაღვიძებას ფიზიკური ბუნების გაღვიძებას ადარებდეს, ხოლო თავის დაძინებას – შემოდგომაზე მოცემული მცენარეების ჭკნობას. მაგრამ ეს სერიოზული შეცდომა იქნებოდა, რომელსაც არ უნდა დავემორჩილოთ, თუკი ჭეშმარიტებას ვეძებთ.

რას განვიცდით, როცა ვიძინებთ? მაშინ ასტრალური სხეული და “მე” გარეთ გადიან. ისინი ტოვებენ ფიზიკურ და ეთერულ სხეულს. ჩვენ რომ შეგვძლებოდა დანახვა, რას აკეთებს ფიზიკური და ეთერული სხეული ღამით, ჩვენ დავინახავდით, რომ ისინი სრულიად განსხვავებულ აქტივობაში არიან, ვიდრე ისეთში, რისი შედარებაც შემოდგომაზე ჭკნობასთან შეიძლება. მაგრამ ამის დანახვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს ზემოდან, სულიერი სამყაროდან ვაკვირდებით. მაშინ დავინახავთ, რომ ისინი სხვაგვარად იქცევიან, ვიდრე დღისით. რადგან დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ ისინი ცვდება, და თუკი საღამოს დაღლილები ვართ, ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ჩვენი ფიზიკური და ეთერული სხეულები გავცვითეთ. ცხოვრება სრული დღის ცნობიერებაში ჩვენი ფიზიკური და ეთერული სხეულების განადგურება, დასამარებაა. საღამოს ისინი ყველაზე მეტად არიან გაცვეთილნი; ამ დროს ვიძინებთ. და როცა მათ სულიერად ვუყურებთ, ვხედავთ, თუ როგორ იწყება ფიზიკურ და ეთერულ სხეულში წმინდა ვეგეტატიური აქტივობა, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ იმას, რაც გაზაფხულზე ხდება. ადამიანის ფიზიკურ და ეთერულ სხეულში იწყება რაღაც ყვავილობის, აღმოცენების, გამწვანების მსგავსი, თითქოს ადამიანში ხდება ისეთი რამ, რაც შეიძლება შევადაროთ იმას, რაც გაზაფხულზე ბუნებაში ხდება. ამგვარად, დაძინების მომენტი უნდა შევადაროთ გაზაფხულს და რაც უფრო ღრმად გვძინავს, მით მეტად შეგვიძლია ის, რაც ადამიანის შიგნით ხდება, შევადაროთ იმას, რაც ზაფხულში ხდება გარეთ. რადგან ეს ვეგეტატიური აქტივობა ჩვენს სხეულში უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. მაგრამ გაღვიძება ეს ისეთი მდგომარეობაა, როგორიც შემოდგომაა ბუნებაში. მაშინ, გაღვიძებულ ცნობიერებასთან ერთად, შემოდის ის, რაც ზაფხულის მდგომარეობას ახმობს, და დღის განმავლობაში ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში ისეთი დაცარიელების განცდა ისადგურებს, რომ ის იწვევს იგივეს, რასაც ზამთრის მდგომარეობა გარეთ, როცა მცენარეები დაჭკნა და ვეგეტატიური აქტივობა მოკვდა. — ასე რომ, სულიერ-მეცნიერული გაგებით, ჩვენ დაძინება უნდა შევადაროთ გაზაფხულს, ხოლო გაღვიძება – შემოდგომას.

დაძინებისას, ანუ გაზაფხულის მდგომარეობაში, ასტრალური სხეული და “მე” ტოვებენ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს. გარეთ, ბუნებაშიც ასეა, რომ დედამიწის სულები, რომლებიც მცენარეთა სამეფოსთან არიან დაკავშირებული, გაზაფხულზე, ასე ვთქვათ, თავისუფლდებიან მცენარეთა ფიზიკური სამყაროსგან და რომ ისინი სინამდვილეში მხოლოდ ამის შემდეგ შედიან ქმედითი აქტიურობის მდგომარეობაში. ზაფხულში ეს სულიერი არსებები, რომლებიც მცენარეთა სამეფოსთან არიან დაკავშირებულნი, თითქოს იძინებენ, ხოლო ზამთარში იღვიძებენ და პლანეტის მასაში მოგზაურობენ. შეიძლებოდა დაგვესვა შეკითხვა: დიახ, მაშინ როდესაც დედამიწის ერთ ნახევარზე ზამთარია, მეორეზე ხომ ზაფხულია? — ეს რიტმული თამაში ისეთია, რომ დედამიწის სულები, როცა ისინი ზაფხულში დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტოვებენ, სამხრეთ ნახევარსფეროსკენ გადაადგილდებიან. ისინი რიტმულად გამსჭვალავენ და გარს უვლიან დედამიწას. ადამიანშიც იგივე ხდება. მას, მართალია, ჰგონია, რომ მისი აზროვნება, მისი ცნობიერება მხოლოდ თავშია, და როცა ის ღამით გარეთაა, ჰგონია, რომ მასში აღარაფერია, რაც აზროვნებს. მაგრამ სინამდვილეში მაშინ მისი სხეულის ქვედა ნახევარი აქტიურია, იქ მიმდინარეობს განსხვავებული აზროვნება და ცნობიერება, ვიდრე ადამიანურია, ასე, რომ ადამიანის სხეულშიც რიტმული მოძრაობა ხდება. გაზაფხულზე შეგვიძლია ვთქვათ: ახლა დედამიწის სულები იწყებენ ძილს; მათ დაიხიეს დედამიწის იმ ნაწილიდან, სადაც ზაფხულია. იქ ვეგეტატიური ცხოვრებაა, როგორც ადამიანში, როცა ის იძინებს და მის სხეულში ვეგეტატიური ცხოვრება იწყება. მაგრამ ზამთარში დედამიწის სულები იღვიძებენ. მაშინ ისინი დედამიწასთან არიან შეერთებულნი, როგორც ადამიანში დღის განმავლობაში მისი ფხიზელი ცნობიერებაა. როცა ზაფხულში დედამიწაზე ვდგავართ, ჩვენ გარშემო გვაქვს ფიზიკური ბუნება, რომელიც თავის ფიზიკურობაში ხარობს. იქ ყველაფერი იზრდება და ყვავის მცენარეთა სამყაროში, და ყველა დაბალი სულიერი არსებანი, რომლებიც მცენარეთა ზრდის მშენებლები არიან, იქ აქტიურობენ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ზამთარში, როცა დედამიწას თოვლის საფარი ფარავს, როცა ვეგეტატიური აქტივობა იძინებს, უმაღლესი ღვთიური არსებები, რომლებიც კოსმიურ სამყაროში ქმნადობენ, მოქმედებენ და ქსოვენ, რომ ისინი ჩვენს გარშემო არიან, რომ უმაღლესი ღვთაებრივი სიცოცხლე, ღვთაებრივი ცნობიერება მოქმედებს დედამიწაში. ასე ხდება როცა ზამთარია, და არა მაშინ, როცა ზაფხულია. — ამას გვასწავლის ჭეშმარიტი სულიერი მეცნიერება.

სულიერმა მეცნიერებამ, რომელსაც სრული, ნათელი ცნობიერებით შეუძლია ამ საკითხებში შეღწევა, იცის, რომ ადამიანს, თუ მას ეს ყველაფერი არა მხოლოდ თეორიულად აქვს თავში, არამედ გულითაც გრძნობს, შეუძლია თქვას: ოჰ, გაზაფხულისა და ზაფხულის ამომავალო ძალავ, შენ აიძულებ ყველაფერს ფიზიკურ სამყაროში ამოხეთქოს და იყვავილოს, შენ მოუწოდებ ელემენტარულ არსებებს დედამიწიდან თავიანთ სამუშაოსკენ. — და ზაფხულის განმავლობაში, ზაფხულის შუა პერიოდში, ეს დაბალი ელემენტარული არსებები ზეიმობენ რაღაც ექსტაზის მაგვარს, როგორც პაროქსიზმს. ეს მაშინ ხდება, როცა მზედგომა, იოანეს დღესასწაული აღინიშნება. შემდეგ მოდის შემოდგომა და ზამთრის დრო, და მაშინ ადამიანმა თავისი სამშვინველის წიაღში უნდა იგრძნოს: მზის გარე ფიზიკური ძალების შესუსტებასთან ერთად, ზამთრის დროის დადგომასთან ერთად, როცა გარეთ ყველაფერი კვდება, როცა უფრო და უფრო ბნელდება, მაშინ უმაღლესი ღვთიურ-სულიერი ძალები უერთდებიან დედამიწის ნაწილს, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, მაშინ ჩვენ თავს თითქოს ამ უმაღლეს სულიერ არსებებში გახვეულად ვგრძნობთ, მათად ვგრძნობთ თავს ჩვენი სამშვინველის წიაღში. ასე ვგრძნობთ ჩვენ ღრმა მოწიწებას, როდესაც ვიცით, რომ ზამთრის დადგომისას შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ როგორ ვლინდებიან ადამიანის მონათესავე სულიერი ძალები უშუალოდ ჩვენს გარემოცვაში. მათი შემეცნებისკენაა თეოსოფია მოწოდებული. ის სიცხადეს მოუტანს ადამიანებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

ჩვენ ვიცით, რომ თეოსოფიამ უნდა დაგვიბრუნოს ჩვენ ის, რასაც ადამიანები ოდესღაც სიზმრისეულ-ბუნდოვან ნათელმხილველობაში ფლობდნენ. ჩვენ ვიბრუნებთ ადამიანთა უძველეს მემკვიდრეობას. ეს იყო სიზმრისეული ნათელმხილველობითი პირველადი გამოცხადება ადამიანებისთვის, და ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს. ამიტომაცაა იოანეს დღესასწაული ზაფხულის შუა პერიოდში გადატანილი, რადგან მან ადამიანები უნდა მიიყვანოს ცნობიერებამდე: ახლა ფიზიკური ყველაზე მეტადაა განვითარებული, ახლა დაბალი ელემენტარული არსებები ზეიმობენ რაღაც ექსტაზის მაგვარს თავიანთი უძლიერესი ძალების განვითარებაში. იოანეს დღესასწაულის დრო დადგენილია ადამიანთა უძველესი ცნობიერებიდან გამომდინარე. ამ ფიზიკურობის ექსტაზში ადამიანი ივიწყებს თავის სულიერს, მიეცემა რა ფიზიკური ბუნების უშუალო მშვენიერებას. მაგრამ ისევე კარგად იცოდნენ ამ ძველმა ნათელმხილველებმა, რომ ზამთარში უმაღლესი სულიერი ძალები ჩვენი დედამიწის სხეულს უერთდებიან. ამიტომაც იმ ძველმა ცნობიერებამ ყველგან, სადაც მას შეეძლო ემოქმედა,ზამთრის შუა პერიოდში მოათავსა შობის დღესასწაული, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი თავს დედამიწის სულიერთან შეერთებულად გრძნობს. ღვთიური არსების, დედამიწის სულის დღესასწაულს ნათელმხილველმა კაცობრიობამ ვერასოდეს დანიშნავდა ზაფხულში, ის უნდა აღნიშნულიყო ზამთარში. შობის დროში სამშვინველი თავს შეერთებულად გრძნობდა ღვთიურ-სულიერ ძალებთან, რომლებიც მაშინ დედამიწაში აღწევდნენ. შობა ზამთარს ეკუთვნის, ისევე როგორც იოანეს დღესასწაული ზაფხულს.

როდესაც ვაცნობიერებთ, თუ როგორ ცოცხლად გვესაუბრება დღესასწაულები იმ გაგებით, როგორც კაცობრიობის ძველმა ცნობიერებამ დააწესა, მაშინ ჩვენ სულიერად ვუერთდებით ამ დღესასწაულების აზრს. ჩვენ ვხვდებით, რა უნდა იყოს წახალისებული ადამიანის სამშვინველში ასეთი შემეცნებით.

გარეგანი ფიზიკური მზის სინათლის, ფიზიკური ცის ძალების დაშვება დედამიწაზე გაზაფხულზე და სულის უკან დახევა წმინდა სფეროებში — ისე როგორც ღამით უკან იხევს ადამიანის სული სულიერ სამყაროში — ეს შესანიშნავადაა გამოხატული აღდგომის დღესასწაულში, რომელიც ისეა დადგენილი, რომ ამ დღესასწაულის დადგენისთვის გამოიყენება მზისა და მთვარის და ვარსკვლავთა კონსტელაცია. ამ კონსტელაციით გამოხატულია როგორ თვალსაჩინოდ იძინებენ სულიერი ძალები გაზაფხულზე. ჩვენი მატერიალისტური დროისთვის დამახასიათებელია, რომ ფიქრობენ აღდგომის დღესასწაულის დადგენაზე, მის დაფიქსირებაზე, რადგან მატერიალიზმს სჭირდება ინდუსტრიული და კომერციული მოხერხებულობისთვის იმის დათმობა, რაც აზრს აძლევს მას. ეს არის ჩვენი დროის მატერიალისტური აზრის ნამდვილი გამოხატულება! გარკვეული ანგარიშების დასასრულებლად შეიძლება მოსახერხებელი იყოს, რომ აღდგომის დღესასწაული წინა წელს აპრილში და მომდევნო წელს მარტში არ აღინიშნოს, მაგრამ სწორედ ცის კონსტელაციის მიხედვით აღდგომის დღესასწაულის დადგენა გამოხატავს, თუ როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან მიწიერი და ზეციური. ამ დღესასწაულების დადგენაში დევს პირველყოფილი კაცობრიობის დიდი სიბრძნე. მართალია, კომერციული ინტერესები გაიმარჯვებენ, და აღდგომის დღესასწაული ალბათ გარეგნულ დროზე დაფიქსირდება, მაგრამ სავალალო იქნებოდა იმისთვის, რაც კაცობრიობამ უნდა შეინარჩუნოს, თუკი ასეთი დღესასწაულის აზრი დაგვავიწყდებოდა. ამიტომაც მაშინაც კი, თუკი აღდგომის დღესასწაული გარეგნული ინტერესებით დადგინდება, თეოსოფია იქნება მოწოდებული, გააგრძელოს მისი როგორც მოძრავი დღესასწაულის გამოთვლა, რომელიც მხოლოდ მზის, მთვარისა და ვარსკვლავების კონსტელაციით შეიძლება დადგინდეს.

ამიტომაც, მატერიალისტური აღდგომის დღესასწაულის გვერდით, იარსებებს სულიერი აღდგომის დღესასწაული, რომელსაც ჩვენ ჩვენს გულებში კვლავ აღვნიშნავთ, , რათა გავაცნობიეროთ ჩვენი კავშირი სულიერ სამყაროსთან. ეს სულიერი აღდგომის დღესასწაული იქნება იგავი სულიერი პროცესისთვის: გაზაფხულზე უმაღლესი სულიერი არსებების ცნობიერება იძინებს და დაბალი არსებების ცნობიერება ამოდის. შემოდგომაზე კი უმაღლესი ღვთაებრივი ძალები იღვიძებენ და თავიანთ ცნობიერებაში დედამიწასთან კავშირში რჩებიან. – თუკი ამას სწორად გრძნობთ, მაშინ თანდათანობით მიხვდებით, რომ ადამიანი ზოგადად სულს ეკუთვნის და რომ გარე ფიზიკური ბუნება მხოლოდ იგავია. და ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტად მოინდომებს გაიგოს, თუ როგორ არის ის დაკავშირებული სულთან და არა გარე ბუნებასთან, იგავთან.

ჩვენ ვცხოვრობთ მეხუთე პოსტატლანტიკურ პერიოდში, და არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ ეს პერიოდი მესამე, ეგვიპტური პერიოდის გამეორებაა.2 ჩვენ ვცხოვრობთ ისე, რომ ჩვენს აზროვნებაში, გრძნობასა და ნებაში კვლავ გამოდის ის, რაც ძველ ეგვიპტელობაში ცოცხლობდა. ეგვიპტურ-ქალდეურ პერიოდში ადამიანებს ძირითადად უნდა განევითარებინათ თავიანთი კავშირი ვარსკვლავურ სამყაროსთან. ამ პერიოდში იქნა აღმოჩენილი და განსაკუთრებით განვითარდა ასტროლოგია. მაშინ ადამიანებმა უშუალოდ ნათელმხილველობით იცოდნენ, როგორ იყო დაკავშირებული ვარსკვლავთა კონსტელაცია ადამიანის სიცოცხლესა და ბედისწერასთან. ისინი ღრმად იყვნენ ჩახედულნი ვარსკვლავურ სივრცესა და ადამიანის ბედისწერას შორის არსებულ საიდუმლოებით მოცულ კავშირებში. ახალ დროში იყვნენ არაჩვეულებრივი, დიდი სულები, რომლებშიც ეს თითქოს გაგრძელდა. ისინი ხომ ეგვიპტურ-ქალდეურ პერიოდშიც იყვნენ ინკარნირებულნი, და მომდევნო ინკარნაციებში მათ თითქოს უშუალოდ სამშვინველის შინაგანი ძალიდან გაუბრწყინდათ ღრმა, ინტუიციური ასტროლოგიური ცოდნა. ასე იყო ხელახლა დაბადებულ იულიანე განდგომილთან, ტიხო ბრაჰესთან.3

ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმ საიდუმლოებით მოცულ კავშირს, რომლითაც ადამიანის ბედისწერა შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რაც საიდუმლოებით მოცული ფორმებით იქმნება ვარსკვლავურ კონსტელაციებში. დღეს მეცნიერებისთვის უტყუარია, რომ ტიხო ბრაჰე დიდი ასტრონომი იყო, რომელმაც ცაზე არაერთი ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა, დახატა ვარსკვლავთა რუკა. ამიტომაც მეცნიერები ამბობენ, რომ მას ეპატიება, რომ ის ასტროლოგიც იყო, რომელიც ვარსკვლავებიდან სხვადასხვა რამეს უწინასწარმეტყველებდა ხალხს. ისინი პატიობენ ტიხო ბრაჰეს, რომ მან თავისი ღრმა ასტროლოგიური ცოდნით სულთან სულეიმანის4 სიკვდილი იწინასწარმეტყველა5 , როდესაც ის როსტოკის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ისინი პატიობენ მას, რომ ასეთი წინასწარმეტყველებით გააოცა მსოფლიო და ამბობენ: ეს იყო მხოლოდ ამ დიდი კაცის სისუსტე, რომელზეც თვალი უნდა დავხუჭოთ. და ისინი მას იმასაც პატიობენ, რომ სულთანის სიკვდილი ზუსტად წინასწარმეტყველებისამებრ მოხდა! — მაგრამ ტიხო ბრაჰეში ჩვენ ვხედავთ ძველი ეგვიპტური სიბრძნის კვლავ განათებას. მან უნდა გაანათოს ჩვენს დროშიც, რომელიც ეგვიპტური დროის გამეორებაა. დღეს ჩვენც უნდა ვეძიოთ მიწიერისა და ღვთიურის კავშირი. მაგრამ ამისთვის არა მხოლოდ ვარსკვლავურ სივრცეში უნდა ვიყუროთ, არამედ უნდა შევისწავლოთ ღვთიური სამყაროების იგავები, რომლებსაც ფიზიკურ სამყაროში ვპოულობთ. მათ პოვნას უმცირესსა და უდიდესშიც შევძლებთ. თუ ჩვენ, მაგალითად, შევისწავლით, თუ როგორ არის თითოეულ მცენარეზე ფოთლის განლაგება, მაშინ აღმოვაჩენთ, თუ მივყვებით ხაზს, თუ როგორ არის ღეროს გარშემო ფოთოლი ფოთოლზე განლაგებული, რომ იქ ჩვენ მივიღებთ სპირალურ ხაზს. ჩვენ ვხედავთ, რომ ფოთლები სპირალურად რიტმულად იზრდებიან ღეროს გარშემო, იქ, სადაც ღერო ხისტია. სხვა მცენარეებში, მაგალითად, მინდვრის მრავალძარღვას, ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ღერო აღწერს ამ სპირალურ ხაზს. ადამიანები ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევენ. თუკი ისინი ამას შეისწავლიდნენ, ისინი ახალ აღმოჩენას გააკეთებდნენ. ისინი დაინახავდნენ, რომ ეს სპირალური მოძრაობა დამოკიდებულია ძალებზე, რომლებიც სულაც არ არიან დედამიწაზე, რომლებიც პლანეტებიდან მოქმედებენ. ეს პლანეტები სპირალურ მოძრაობას აკეთებენ ვარსკვლავურ სივრცეში და ისე მოქმედებენ, რომ ქვემოთ მცენარეებს აიძულებენ იგივე სპირალური მოძრაობა გააკეთონ თავიანთი ღეროს გარშემო. ღერო კი ქვემოდან ზემოთ იზრდება. ამ მოძრაობით იჭრება ეს სპირალური მოძრაობა. ეს არის ძალა, რომელიც სრულდება ზევით, რომელიც ყვავილს აძლევს დასაბამს. ეს ძალა მიწიდან მზეზე გადადის და პირიქით. ერთი სახის მცენარე თავისი მოძრაობით ერთ პლანეტას ეკუთვნის, მეორე — მეორეს. დადგება დრო, როცა ადამიანებს ეცოდინებათ, თუ როგორ მოძრაობს ვენერა ან სხვა პლანეტა. ამას არა გარეგნული ასტრონომიული გამოთვლებით გაიგებენ, არამედ შეისწავლიან მცენარეებს, რომლებიც ვენერასეული არსებები არიან და თავიანთ სპირალურ მოძრაობაში პატარა მასშტაბით წარმოადგენენ ვენერას აბსოლუტური მოძრაობის სარკეს. იქ ზემოთ ვენერა ხატავს დიდ სპირალს კოსმიურ სივრცეში, და მცენარეები მას ბაძავენ თავიანთ პატარა სპირალებში მოძრაობით. ვარსკვლავები თავიანთ ხელწერას ატყობენ დედამიწას მცენარეთა ზრდაში, და მზე ასრულებს ამას. ის ყველაფერზე იღვრება და მართავს იმას, რასაც პლანეტები აკეთებენ. მცენარეთა სპირალურ ზრდაში შეისწავლიან მიწიერ სამყაროთა ზეციურ სამყაროებთან თანამშრომლობას. მცენარეთა ზრდა იგავია სულიერი არსებების ფაქტებისთვის სამყაროს სივრცეში.

ასე პოულობენ ცალკეული ფიზიკური არსებების კუთვნილებას სამყაროს სივრცესთან. მათ უკავშირებენ სამყაროს სივრცეში მომხდარ მოვლენებს, და ასე თანდათანობით მოიპოვებენ მინერალების, მცენარეების, ცხოველების და ასევე ადამიანის სამყაროს სივრცესთან კუთვნილებას მის მოვლენებსა და ბედისწერაში. მცირედში ვიწყებთ ასეთი რამეების შესწავლას ისე, როგორც ეს ჩვენ აქ დღეს სულიერ-მეცნიერულად გავაკეთეთ. მაგრამ მეცნიერებას დიდი დრო დასჭირდება ამ გზაზე გასავლელად სანამ ოკულტური წყაროებიდან ამ საკითხებს მათ ჭეშმარიტ კონტექსტში შეისწავლის. მაგრამ ეს უნდა მოხდეს.

თუკი დღევანდელი ოკულტური განვითარების გაგებით კვლავ დავდგებით სამყაროს პირისპირ და ყველაფერს გარეგნულს ნიშნად და იგავად მივიღებთ, ჩვენს “სამშვინველის კალენდარში”6 სახელმძღვანელო გვექნება. მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ ზოდიაქოს ნიშნები თავად ამ ნიშნებს აღნიშნავენ. ვერძის ნიშანი ნიშნავს არა ვერძის თანავარსკვლავედს, არამედ იმას, რომ მზე ან მთვარე გარკვეულ მიმართებაშია ამ თანავარსკვლავედთან და რომ იქ განსაკუთრებული ძალები მოქმედებენ. ეს ნიშნები არ ნიშნავს სივრცეში მოთავსებულ რამეს, არამედ იმას, რომ ძალები ამა თუ იმ გზით არიან ეფექტურნი. ის, რასაც სივრცეს უწოდებენ, ფანტაზიაა. სულიერი ძალები ყველგან მოქმედებენ, და თუ როგორ მოქმედებენ ისინი, ამას ეს ნიშნები გამოხატავს. მაგალითად, თუ მზე დილით, როცა ის ამოდის, თევზების თანავარსკვლავედის თავზე დგას, მაშინ ეს კონსტელაცია არის დედამიწაზე სრულიად გარკვეული სახის სულიერი ძალების მოქმედების გამოხატულება.

შეგვიძლია ამ ყველაფრის შეგრძნება და იმაგინაციურ შემეცნებაში გადაყვანა. კალენდარში, რომელიც წელს თეოსოფიურ მოძრაობაში გამოვიდა, ვეცადეთ გამოგვეხატა ის, რამაც შეიძლება ჩვენი სამშვინველიდან ამოიბიბინოს, თუკი მართლაც ვიგრძნობთ იმას, რაც სულიერი სამყაროდან გვინათებს. იქ ჩვენ ვპოულობთ სხვა ნიშნებს, ვიდრე ტრადიციული ძველი კალენდრის ნიშნებია, როგორც ახალ გამოხატულებას იმისა, რაც სამშვინველებმა ამ პერიოდში ახლიდან უნდა ისწავლონ. ისინი ისე შეიქმნა, რომ თვალყური ადევნებული იყო გრძნობით, და არა გონებით, იმას, რაც ჩვენ ახლა განვიხილეთ, როგორც რიტმული ცვლილება ჩვენს დედამიწაზე: ჩვენს დედამიწასთან კავშირში მყოფი სულიერი არსებების დაძინება გაზაფხულზე, და მათი გაღვიძება შემოდგომაზე. ამ საკითხების განახლება, რომლებიც ჩვენს დღესასწაულებში ჩაედინა უძველესი ნათელმხილველობითი სიბრძნიდან, აუცილებელია. ისინი უნდა განახლდეს, რადგან მეხუთე ეპოქაში კვლავ აღდგება ის, რაც მესამე ეპოქის სიბრძნის საგანძური იყო.

რა თქმა უნდა, გარეშე პირებისთვის შეიძლება უკიდურესად უცნაურად ჩანდეს, რომ ჩვენ 1879 წელი ჩვენი კალენდრის დასაწყისად დავნიშნეთ. ამით ჩვენ გვინდოდა ყურადღება მიგვეპყრო იმისთვის, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია გოლგოთის მისტერიის წელიწადი ავიღოთ ჩვენი ქრონოლოგიის დასაწყისად და არა იესოს დაბადების წელი. პარასკევს, 33 წლის 3 აპრილს, შუადღის სამ საათზე მოხდა გოლგოთის მისტერია. და მაშინვე მოხდა ასევე “მე”-ს დაბადება იმ გაგებით, როგორც ჩვენ ეს არაერთხელ დავახასიათეთ. და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ დედამიწის რომელ წერტილში ცხოვრობს ადამიანი, ან რომელ რელიგიურ აღმსარებლობას ეკუთვნის ის, ის, რაც გოლგოთის მისტერიის მეშვეობით მოვიდა სამყაროში, ყველა ადამიანისთვისაა. ისევე როგორც მთელი სამყაროსთვის ძალაშია, რომ კეისარი გარკვეულ დღეს გარდაიცვალა და ჩინელებისთვის ამისთვის სხვა დღე არ არსებობს და ინდოელებისთვის კიდევ სხვა, ასევე ოკულტური ცხოვრების მარტივი ფაქტია, რომ გოლგოთის მისტერია ამ დღეს მოხდა და რომ იქ საქმე გვაქვს “მე”-ს დაბადებასთან. ეს არის სრულიად საერთაშორისო ხასიათის ფაქტი. და უნდა გაგვიკვირდეს, რომ გარკვეული მხრიდან მტკიცდება, რომ ის, რაც აქ ხდება, ეს ჩვენი როზენკრეიცერული თეოსოფია, რომელიც გოლგოთის მისტერიას ყველაფრის ცენტრად მიიჩნევს, არის თეოსოფია, რომელიც მხოლოდ გერმანულობას ეკუთვნის და სხვა ერებისთვის არ არის შესაფერისი.

სადაც ასეთი რამ მტკიცდება, იქ, რა თქმა უნდა, არ არსებობს მიდრეკილება იმისთვის, რომ ისეთი რამეებით დაკავდნენ, რითაც აქ ჩვენ ვართ დაკავებულნი. იქ უბრალოდ არაფერი ესმით ქრისტესა და გოლგოთის მისტერიის შესახებ. იქ დამახინჯებებს ავრცელებენ მსოფლიოში, და სამწუხაროდ, ასეთი დამახინჯებებიც სჯერათ. მაგრამ წმინდა მოვალეობაა, რომ ადამიანები შეცდომისგან დავიცვათ. მართალია, არ არის სასიამოვნო ამოცანა, რომ მათ ასეთი ჭეშმარიტებები ვუთხრათ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. — იქ, სხვაგან ამბობენ, რომ თანაბარი უფლება ყველასთვის მოქმედებს, მაგრამ თავად არღვევენ ამ უფლებას. საქმე იმაში არაა, რომ ამა თუ იმ რამეს ამბობენ და ბეჭდავენ, არამედ იმაში, რომ ჭეშმარიტება ბატონობდეს ჩვენს შორის და რომ ჭეშმარიტება იყოს ჩვენი წმინდა კანონი.

ჩვენ გვინდა, რომ “მე”-ს დაბადება ჩვენს კალენდარში გამოვხატოთ. ამასთან არის დაკავშირებული, რომ ეს დაბადების დრო ამოსავალ წერტილად უნდა აგვეღო. ამიტომაც უნდა დაგვეთვალა აღდგომიდან აღდგომამდე, და არა ახალი წლიდან ახალ წლამდე. თუკი ამან ახალი აღშფოთება გამოიწვია და ახალი დაცინვა და აბუჩად აგდება, ამან არ უნდა შეგვაწუხოს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ გვინდოდეს მხოლოდ ყოველთვის ძველი, უკვე არსებულს იგივე გზით გამეორება, მაშინ ახალი სიცოცხლე არ წარმოიქმნებოდა. იგივე, მუდამ განმეორებადი, არის მკვდარი; განსხვავებული, რომელიც იგივეშია შეტანილი, არის სიცოცხლე. მაგრამ ჩვენი კალენდარი ცხოვრებისეული ამოცანაა. და თუ ახლა ის ძალიან ცუდად გავაკეთეთ, შემდეგ წელს უკეთესად გავაკეთებთ.

მნიშვნელოვანი უპირველესად არის მეორე ნაწილი, “სამშვინველის კალენდარი”. იქ მე ვეცადე კვირიდან კვირამდე ისეთი მედიტაციური ფორმულები შემეკრიბა, რომლებიც სამშვინველს შინაგანად მედიტაციურად შეუძლია განიცადოს, და რომლებიც ისე მოქმედებენ სამშვინველში, რომ ის კავშირს პოულობს თავის შინაგან განცდასა და იმას შორის, რასაც ღვთიურ-სულიერი არსებები დროის მსვლელობაში მართავენ. ამ მედიტაციებს ჭეშმარიტად მიჰყავთ ამ არსებების განცდამდე, თუკი ისინი სერიოზულად და თავდადებით კეთდება. ხანგრძლივი ოკულტური გამოცდილება და კვლევაა შეკუმშული ამ ორმოცდათორმეტ ფორმულაში, რომლებიც დროის ფორმულები შეიძლება იყვნენ შინაგანი სამშვინველის განცდისთვის, რომელიც ამით შეიძლება იყოს დაკავშირებული ღვთიურ-სულიერი განცდის პროცესებთან. ისინი რაღაც დროის მიღმიერია, რაც სულიერსა და გრძნობით აღქმულს შორის ურთიერთობას წარმოადგენს. თანდათან შეიმეცნება ამ სამშვინველის კალენდრის ფასეულობა, რომლის მნიშვნელობაც ყოველი წლისთვის შენარჩუნდება; და ნელ-ნელა მასთან მომუშავე იპოვის გზას ადამიანური სამშვინველიდან სამყაროში მცხოვრები და მოქმედი სულისკენ.

თუმცა, არც ისე ადვილია ამ მედიტაციური ფორმულების სიღრმისეული აზრის სრულად ათვისება. ამისთვის ადამიანის სამშვინველს წლები და წლები დასჭირდება. ამგვარად, ამ კალენდარში წარმოდგენილია არა უბრალოდ მოულოდნელად გაჩენილი აზრი, არამედ ქმედება, რომელიც ორგანულად არის დაკავშირებული ჩვენს მთელ წინსვლასთან [დროში], და ნელ-ნელა გაირკვევა, თუ რატომ ხდება მასში ერთი რამ ასე, ხოლო მეორე – სხვაგვარად.

წყარო: Erfahrungen des Übersinnlichen. Die drei Wege der Seele zu Christus (1912) GA 143

1. მარკოზი, 4, 11; მათე 13, 11.

2. იხილეთ “Die geistige Führung des Menschen und der Menschheit” (1911), GA 15, და “Welt, Erde und Mensch, deren Wesen und Entwickelung sowie ihre Spiegelung in dem Zusammenhang zwischen ägyptischem Mythos und gegenwärtiger Kultur”, GA 105.

3. იხილეთ რუდოლფ შტაინერის დეტალური განმარტებები 1910 წლის 30 დეკემბრის ლექციებში, “Okkulte Geschichte”, GA 126, და 1924 წლის 16 სექტემბრის ლექციებში, “Esoterische Betrachtungen karmischer Zusammenhänge”, VI ტომი, GA 238.
– ტიხო ბრაჰე, 1546–1601, დანიელი ასტრონომი, მუშაობდა პრაღაში რუდოლფ II-ის დროს; მისი მრავალრიცხოვანი დაკვირვებების საფუძველზე, მისმა სტუდენტმა კეპლერმა შეძლო მისი ცნობილი კანონების ჩამოყალიბება. მან შეიმუშავა ახალი სისტემა, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ კომპრომისს კოპერნიკისა და პტოლემეოსის სისტემებს შორის.
– იულიანე განდგომილი, 331–363, სინამდვილეში იულიანე ფლავიუს კლავდიუსი, რომის იმპერატორი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანად აღიზარდა, იულიანე ძველ მისტერიულ კულტებს მიუბრუნდა, რის გამოც მას ასევე იულიანე განდგომილს უწოდებენ. 31 წლის ასაკში იგი აზიაში ლაშქრობისას მოკლეს.

4. სულეიმან I (ბრწყინვალე), (1495-1566) – ოსმალეთის სულთანი, გარდაიცვალა 1566 წლის 5 სექტემბერს უნგრეთის წინააღმდეგ ლაშქრობის დროს.

5. 1566 წლის 28 ოქტომბერს, მთვარის დაბნელებისას, ბრაჰემ როსტოკის უნივერსიტეტში რამდენიმე ლათინური ლექსი წაიკითხა, რომლებშიც სულთან სულეიმანის სიკვდილი იწინასწარმეტყველა. რამდენიმე კვირის შემდეგ, სულეიმანის გარდაცვალების ამბავი მართლაც გავრცელდა. თუმცა, 5 სექტემბერს, მთვარის დაბნელებამდე, ის უკვე გარდაცვლილი იყო, რაც ზოგიერთმა ტიხო ბრაჰეს “წინასწარმეტყველების” აბუჩად ასაგდებად გამოიყენა. მან თავი დაიცვა სულეიმანის ჰოროსკოპის გულმოდგინედ შესწავლით, სადაც სიკვდილის თანავარსკვლავედი ამოიკითხა.
6.  “ანთროპოსოფიური სამშვინველის კალენდარი” პირველად 1912 წლის აღდგომას გამოიცა. შემდგომში კალენდარი არასოდეს გადაბეჭდილა იმ ფორმით, როგორიც მას იმე ფონ ეკარდშტეინმა მისცა. 1925 წელს გამოქვეყნებულ ხელახალ გამოცემაში რუდოლფ შტაინერმა მას ის ფორმა მისცა, რომელიც მან მომავალშიც შეინარჩუნა; იხილეთ “Beiträge zur Rudolf Steiner Gesamtausgabe”, GA 37/38, 1972. სამშვინველის კალენდარი შესულია “Wahrspruchworte”-ში, GA 40, და ასევე ხელმისაწვდომია როგორც დამოუკიდებელი გამოცემა.