წინასიტყვაობა 1912/1913 წლის პირველი გამოცემისათვის

ადამიანი სამყაროსთან და დროში მის ცვლილებასთან თავს დაკავშირებულად გრძნობს. საკუთარ არსებაში ის გრძნობს სამყაროს წინარე-ხატების ანარეკლს. მაგრამ ანარეკლი არ არის წინარე-ხატების სიმბოლურ-პედანტური მიბაძვა. ის, რაშიც დიდი სამყარო ვლინდება დროის მსვლელობაში, პასუხობს დროის ელემენტის მიღმა მიმდინარე ადამიანური არსების გარკვეულ მოძრაობას, ქანქარის მოძრაობის მსგავსად. გარე გრძნობებსა და მათ აღქმებზე დაფუძნებულ თავის არსებას ადამიანი უფრო სინათლითა და სითბოთი გამჭოლად ნაქსოვი ზაფხულის ბუნების შესატყვისად შეიგრძნობს. ხოლო საკუთარ თავში არსებით ყოფნასა და საკუთარი აზრებისა და ნების სამყაროში ცხოვრება მას შეუძლია ზამთრის ყოფიერებად აღიქვას. ასე ხდება მისთვის გარეგანი და შინაგანი ცხოვრების რიტმებად ის, რაც დროთა ცვლაში ბუნებაში ზაფხულისა და ზამთრის სახით გვევლინება. მაგრამ მისთვის შეიძლება ყოფიერების დიადი საიდუმლოებანი გაიხსნას, თუკი თავისი აღქმებისა და აზროვნების დროის მიღმიერ რიტმს ბუნებრივ დროებით რიტმებთან თანხვედრაში მოიყვანს. ასე1  ხდება წლიური წრებრუნვა ადამიანური მშვინვიერი მოღვაწეობის პროტოტიპად და ამავე დროს ჭეშმარიტი თვითშემეცნების ნაყოფიერ წყაროდ.

აქ წარმოდგენილ წლიურ სამშვინველის კალენდარში იგულისხმება ადამიანის სამშვინველის ისეთი მდგომარეობა, რომელშიც მას შეუძლია, წელიწადის დროთა განწყობებიდან გამომდინარე, ხატოვნად იგრძნოს თავისი მშვინვიერი მოღვაწეობა კვირიდან კვირამდე წლის დინების შთაბეჭდილებებით. [ამასთან] იგულისხმება მგრძნობიარე თვითშემეცნება. აქ მოცემული გამონათქვამების შინაარსზე დაყრდნობით, რომლებიც ყოველ კვირას ახასიათებს, ასეთ მგრძნობიარე თვითშემეცნებას შეუძლია მშვინვიერი ცხოვრების დროის მიღმიერი წრებრუნვა დროში განიცადოს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აქ იგულისხმება [მხოლოდ] თვითშემეცნების გარკვეული გზის შესაძლებლობა. არ უნდა იყოს მოცემული რაიმე “ინსტრუქციები” თეოსოფიურ-პედანტური სტანდარტების მიხედვით, არამედ მითითებები სამშვინველის შესაძლო ერთდროულად ცოცხალ მოღვაწეობაზე. ყველაფერი, რაც სამშვინველისთვის არის განკუთვნილი, გარკვეულ ინდივიდუალურ შეფერილობას იძენს. სწორედ ამიტომაც იპოვის ყოველი სამშვინველი თავის გზას ინდივიდუალური მონაცემების შესაბამისად. ადვილად შეიძლება ითქვას: “სამშვინველმა უნდა იმედიტიროს აქ მითითებული წესით, თუ მას სურს თვითშემეცნების გარკვეული ხარისხის კულტივირება”. ასე არ არის ნათქვამი, რადგან ადამიანის საკუთარმა გზამ იმაში, რაც მოცემულია, იმპულსი უნდა მიიღოს, და არა პედანტურად მიჰყვეს რაღაც “შემეცნების ბილიკს”.

რუდოლფ შტაინერი

კიოლნში წაკითხული ლექციიდან. 7 მაისი, 1912 წ. (GA 143)

“… მე ვეცადე კვირიდან კვირამდე ისეთი მედიტაციური ფორმულები შემეკრიბა, რომლებიც სამშვინველს შინაგანად მედიტაციურად შეუძლია განიცადოს, და რომლებიც ისე მოქმედებენ სამშვინველში, რომ ის კავშირს პოულობს თავის შინაგან განცდასა და იმას შორის, რასაც ღვთიურ-სულიერი არსებები დროის მსვლელობაში მართავენ. ამ მედიტაციებს ჭეშმარიტად მიჰყავთ ამ არსებების განცდამდე, თუკი ისინი სერიოზულად და თავდადებით კეთდება. ხანგრძლივი ოკულტური გამოცდილება და კვლევაა შეკუმშული ამ ორმოცდათორმეტ ფორმულაში, რომლებიც დროის ფორმულები შეიძლება იყვნენ შინაგანი სამშვინველის განცდისთვის, რომელიც ამით შეიძლება იყოს დაკავშირებული ღვთიურ-სულიერი განცდის პროცესებთან. ისინი რაღაც დროის მიღმიერია, რაც სულიერსა და გრძნობით აღქმულს შორის ურთიერთობას წარმოადგენს. თანდათან შეიმეცნება ამ სამშვინველის კალენდრის ფასეულობა, რომლის მნიშვნელობაც ყოველი წლისთვის შენარჩუნდება; და ნელ-ნელა მასთან მომუშავე იპოვის გზას ადამიანური სამშვინველიდან სამყაროში მცხოვრები და მოქმედი სულისკენ.

თუმცა, არც ისე ადვილია ამ მედიტაციური ფორმულების სიღრმისეული აზრის სრულად ათვისება. ამისთვის ადამიანის სამშვინველს წლები და წლები დასჭირდება. ამგვარად, ამ კალენდარში წარმოდგენილია არა უბრალოდ უეცრად აღმოცენებული აზრი, არამედ ქმედება, რომელიც ორგანულად არის დაკავშირებული მთელ ჩვენს წინსვლასთან [დროში], და ნელ-ნელა გასაგები გახდება, თუ რატომ ხდება მასში ერთი რამ ასე, ხოლო მეორე – სხვაგვარად.”

რუდოლფ შტაინერი

1918 წლის მეორე გამოცემის წინასიტყვაობა
გერმანულიდან თარგმანი: ირინე იმერლიშვილისა

წელიწადის მსვლელობას საკუთარი ცხოვრება აქვს. ადამიანის სამშვინველს ძალუძს ეს განიცადოს, თუკი საკუთარ თავზე ამოქმედებს წელიწადის ცხოვრებაში კვირიდან კვირამდე სხვადასხვაგვარად მეტყველს. ასეთი თანაგანცდით იგი ჭეშმარიტად ჰპოვებს საკუთარ თავს. შეიგრძნობს ძალებს, რომლებიც მას შინაგან სიმყარეს ანიჭებენ. შეამჩნევს, რომ ამ ძალებს სურთ მასში გამოღვიძება დროის მდინარების საზრისში მონაწილეობით. ადამიანი თანდათან აღიქვამს, რომ ნაზი, მაგრამ მნიშვნელოვანი ძაფებით არის დაკავშირებული სამყაროსთან, რომელშიც დაიბადა.

ამ კალენდარში ყოველი კვირისთვის ისეთი მედიტაციაა მოცემული, რომელიც სამშვინველს მთლიანი წლიური წრებრუნვიდან ამ კვირაში განხორციელებულ ნაწილს განაცდევინებს. ამ მედიტაციებში ასახულია ის, რაც სამშვინველში ჟღერს წელიწადის მდინარებასთან შეერთებისას – იგულისხმება ბუნებასთან ჯანსაღი “ერთიანობის განცდა” და მძლავრი “თვითაღმოჩენა”. გვჯერა, რომ თუკი საკუთარ თავს სწორად გავუგებთ, აღმოვაჩენთ, რომ სამყაროს მსვლელობის მედიტაციური თანაგანცდა ჩვენი სამშვინველის შინაგან მოთხოვნილებას წარმოადგენს.

რუდოლფ შტაინერი

შენიშვნა:

1. ტექსტში ყველა კურსივი რუდოლფ შტაინერს ეკუთვნის.